საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მარიამ დოლიძე გამოიკითხა 02.05.2026 18:25

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მარიამ დოლიძე გამოიკითხა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მაგისტრ მოსამართლესთან მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს.

"მე რატომღაც მგონია, რომ ამ ადამიანებს არც კი გამოკითხავენ, რადგან ეს რომ მოხდეს, მათი გამოკითხვა უნდა დაიწყონ ზვიად ხარაზიშვილისგან, გოგა მემანიშვილისგან და ამ ადამიანებისგან, თუმცა არ მგონია, რომ ამ ადამიანების დაჭერას აპირებდნენ ახლა. კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გვქონდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია, რამდენად უნდა დაეჯერებინა გამოძიებას ჩემთვის. მე მათაც გავეცი პასუხი და საჯაროდაც განვაცხადებ, რომ ამ სავარაუდო დამნაშავეების გასაჯაროება მარტივი ნამდვილად არ არის. მე ამით საფრთხის ქვეშ დავაყენე როგორც საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, ისე ჩემი ოჯახი და ყველა ჩემი ახლობელი ადამიანი," - განაცხადა მარიამ დოლიძემ.

საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ.

"2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დროს შსს-ის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ინტენსიურ რეჟიმში. ამ ეტაპისთვის, გამოკითხულია რამდენიმე ასეული მოწმე, ასევე, გამოთხოვილია ათეულობით საათი ვიდეოჩანაწერებისა, რასაც გამოძიება დეტალურად სწავლობს.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - მოცემულ შემთხვევაში, მოწმემ მიმართა პროკურატურას განცხადებით, სადაც მითითებული იყო, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. გამომძიებელი შეეხმიანა მას დაუყოვნებლივ. ჩვენი სურვილი იყო, რომ მომხდარიყო მისი გამოკითხვა, რაზეც მოწმემ განაცხადა უარი - მისი პოზიცია იყო, რომ ჩვენებას მისცემდა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში, შესაბამისად, მოხდა მისი დაკითხვა სასამართლოს წინაშე. რაც საჯაროდ მოვისმინეთ, მისგან, იგივე, ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას," - აცხადებს პროკურორი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ