ლევან ხაბეიშვილი - საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს, არ არის დაზარალებული, ობიექტი, ვისაც თანხას გადავცემდი, ფარულად რამის გაკეთებას, დაშავებას არც მედავებიან 20.05.2026 16:13

საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, გაფუჭებას და დაშავებას არც მედავებიან, - ამის შესახებ ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ბევრის მიმანიშნებელი უნდა იყოს ის, რომ ცხრა თვის განმავლობაში პროკურორს საქმეზე განცხადებები არ გაუკეთებია".

 

„9 თვის განმავლობაში ციხეში ვარ და სამი საათი იყო ჩემი პროცესი. ადმინისტრაციული დავები გრძელდება ხოლმე სამი, ხუთი საათი. ჩემს საქმეში ათი გვერდი იქნება თავი-ბოლო. სამი „მოწმე" ჰყავდათ გამოძახებული - მოწმე არ არსებობს ამ საქმეში, სამი ადამიანი, ორი არ მოიყვანეს. საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში პროკურორი საჯაროდ არ ჩანდა, განცხადებებს არ აკეთებდა. ეს ბევრის მიმანიშნებელი უნდა იყოს. არ მინახავს საჯარო განცხადება, რომ დაეცვას თავისი პოზიცია. პროკურატურას არ დაუცავს პოზიცია, რომ მე ვინმეს რამე შევთავაზე. ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი, ვისაც გადავცემდი, არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი. პირობითად, როდესაც ადამიანს ედავებიან სამოხელეო დანაშაულს და მე ვიღაცას რაღაცას ვთავაზობ, ბუნებაში არ არსებობს სიკეთე - მატერიალური სიკეთე ან კეთილდღეობა, რომელსაც მივიღებდი. პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა იმისა, მაგალითად, რომ გინდოდეს, ბრალი აღიაროს ხაბეიშვილმა. რა უნდა ვაღიარო? საჯარო განცხადებები იყო ჩემი, იმის იქით არაფერი არ არის. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, გაფუჭებას და დაშავებას არც მედავებიან. ასე აღიქვა და აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა.

 

მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

 

გამოძიების ინფორმაციით, ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.

 

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.

 

ლევან ხაბეიშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ