სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას ეწვია 28.05.2026 15:19

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა იური ფირცხალაიშვილმა, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ბადრი შენგელიამ და მეკავშირე ოფიცერმა ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობაში ნოდარ ნადირაშვილმა. მათ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო სარდალმა და სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

 

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა დადებითად შეაფასეს ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „ნატო"-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის" (Operation Sea Guardian) ფარგლებში საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილზე.

 

ვიზიტი მიზნად ისახავდა, მხარეებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ღონისძიებების განხილვას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას.

 

აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ