29.05.2026 17:44
გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
ბრალდებულის უფლებადამცველი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატი მოითხოვს, რომ ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნოს:
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. გამოძიების ეტაპზე, მან მისცა ჩვენება, რომ ის ეკიპაჟთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით, სავარაუდოდ დამნაშავის დაკავების გამო, ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის, რომ ის აწვდის ხელბორკილს. აუცილებელია დაინიშნოს ვიდეო ექსპერტიზა, სადაც უნდა დაისვას კითხვა, კონკრეტულად რომელი პირი, რომელ წუთსა და წამზე რა მოქმედებას ახორციელებს და ა.შ."- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დაკავებულებს 5დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორ(ებ)ი :