29.05.2026 21:39
ორ მისამართზე მდებარე კონსპირაციული სახლები თბილისში ნარკოდანაშაულის ადგილი იყო. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს აქ სათბურები ჰქონდათ მოწყობილი და კანაფი მოჰყავდათ. უახლოეს დღეებში ნარკოტიკის გაყიდვას აპირებდნენ.
გეგმა ჩაეშალათ - მათ კვალზე პოლიცია გავიდა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი - სამართალდამცველებმა ისინი სხვადასხვა მისამართზე, დანაშაულის ფაქტზე აიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები არიან.
ნარკოდამნაშავეები კონსპირაციულ სახლებში, რომლებიც კვალის არევის მიზნით სხვადასხვა უბანში ჰქონდათ ნაქირავები, ღამით მიდიოდნენ - იმის გამო, რომ ისინი არავის დაენახა.
ეს კადრები ნარკოდანაშაულის ადგილას სამართალდამცველებმა გადაიღეს. მასალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის სათბურები და კულტივირებისთვის საჭირო აღჭურვილობა ჩანს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ კონსპირაციულ სახლებში, მცირე ზომის ოთახებში ქიმიურ ხსნარებს ინახავდნენ. საუბარია იმ მომწამვლელ ნივთიერებებზე, რომელიც კანაფის მოსაყვანად სჭირდებოდათ.
დაკავებულების უმეტესობა დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატები ნარკოდანაშაულის საქმის მასალებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების დროს არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული. ჩხრეკისას ამოღებულია კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და გამომშრალი მარიხუანა - ნარკოტიკები სავარაუდოდ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სარეალიზაციოდ ჰქონდათ გამზადებული.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს. დაკავებულია 6 პირი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, დამნაშავე პირთა წრე უახლოეს დღეებში გაიზარდოს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებაც გაკეთდა.
კონსპირაციულ სახლებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების დროს პოლიციამ ელექტრო სასწორები, ჩამკეტები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები ამოიღო. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორ(ებ)ი :