09.06.2026 15:40
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულმა, 43 წლის ზურაბ ბურდულმა ყოფილ მეუღლეს, 34 წლის თათია ლომინაძეს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი და ქიმიური ნივთიერება შეასხა და მისი დაწვა სცადა, რის გამოც დაზარალებულს ნაკვეთი ჭრილობების გარდა, ქიმიური და თერმული დაზიანებებიც აღენიშნებოდა. ქალი მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტორ(ებ)ი :