10.06.2026 17:33
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი თავისუფალია. მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატის, ნანა ფარჩუკაშვილის თქმით, ბრალდებულები დაეთანხმნენ ბრალს და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
"მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულები დაეთანხმნენ ბრალს, უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები და სასამართლო სხდომის დარბაზიდან ისინი გათავისუფლდნენ. დღეიდან, ჩაეთვლებათ მათ პატიმრობაში ყოფნის ვადა იმ სამი წლის ვადაში, რომელი ვადითაც მათთვის სასჯელად განისაზღვრა პირობითი სასჯელი სამი წლის ვადით", - ამბობს ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი.
თავად ერთ-ერთი გათავისუფლები ამბობს, რომ ბრალს ეთანხმება.
"თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია. თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ. ბრალს ვეთანხმები", - ამბობს ბექა ქელეხსაშვილი.
პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს.
"აღნიშნული განაჩენის მიხედვით, 8 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის, კერძოდ კი პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად, ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად, რის შემდეგაც რვავე მათგანი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. რაც შეეხება მტკიცებულებებს; საქმეზე უმთავრესი მტკიცებულებები გახლდათ სწორედ ის ვიდეომასალა, რომელიც დაერთო სისხლის საქმეს - მათ შორის, თქვენ მიერ, ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემული ვიდეომასალა. გარდა ამისა, საქმეს ერთვის ინფორმაცია, რომელიც შექმნილი და გადაღებული იქნა შსს-ს პრესსამსახურის მიერ, სადაც დეტალურად იქნა ასახული 64-ვე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება. მათ უდავოდ მიიჩნიეს ყველა მტკიცებულება, სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება", - აცხადებს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორი ლაშა ცქვიტარია.
სასამართლოში ამ წუთებში კიდევ 6 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა.
დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.
ავტორ(ებ)ი :