11.06.2026 13:35
მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა.მისი თქმით, ბრალდებულების წინააღმდეგ პარლამენტის დაზიანებასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტი არ არის საქმეში წარმოდგენილი.„მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები იმასთან თუ რა მოხდა, სადღაც დაზიანებების კუთხით. არც არავინ გვადანაშაულებს, ფაქტებს არავინ გვაძლევს ამ კავშირის შესახებ, რომ თავი მაინც დავიცვათ და ვიცოდეთ რაში ვმონაწილეობდით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ასევე, ნიკა გვარამია გამოეხმაურა იმას, რომ ივნისში, აღნიშნული საქმის განხილვა თვის ბოლოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის მიმართვის შემდეგ სასამართლო სხდომამ 11 ივნისს გადმოიწია.„რეპრესიების ნორმალიზებასთან დაკავშირებით სწორი განცხადებები აქვს „ქართულ ოცნებას", ამ ქვეყანაში რეპრესია ერთადერთი სტაბილური და ნორმალური რამ არის, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ყველა პატრიოტის წინააღმდეგ.რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას, მოწმეები პოლიციელები არიან და სად მიდიოდნენ ეს პოლიციელები? 24 რიცხვამდე გარბოდნენ აქედან? ისე კი გარბიან პოლიციელები ქვეყნიდან და ემიგრაციაში მიდიან და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება მათი მთელი ხელფასები, ვალების დასაფარად არ წავა, პირობას ვაძლევ ყველა ღირსეულ პოლიციელს, რომ არ იფიქროს თვიდან-თვემდე ვალების დაფარვაზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :