17.06.2026 22:36
„საქართველოს რკინიგზაში" კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ ექვს პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის" ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და კიდევ ერთი პირს, ზაზა ბიძინაშვილს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე პროკურორმა ანი ლეკიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელშიც, მისი თქმით, დავით ფერაძე და მისი თანამოაზრეები იყვნენ ჩართული.
„ჩადენილ დანაშაულს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება ადასტურებს. მათ შორისაა ათეულობით მოწმის, რკინიგზის თანამშრომლების ჩვენებები, ამოღებული დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნები. ასევე, საქმეში დევს თემატური რევიზიის დასკვნაც", - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, პროკურორმა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით რვავე პირისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა აღნიშნული გარემოებებისა და იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარეობს.
საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს ასევე ბრალდებულთა ადვოკატებმაც. მათი თქმით, არც ერთი დაკავებული, გარდა რევაზ რევაზიშვილისა, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. რევაზ რევაზიშვილმა სხდომაზე ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობდა, აწვდიდა მის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას და აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო პროცესში. სწორედ ამიტომ, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ დღევანდელ პროცესზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა არ იქნებოდა გამოყენებული.
ბრალდებულების ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა გამოყენებულიყო, ხოლო ალტერნატივის სახით სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის - 5 ათასიდან 30 ათას ლარამდე გირაო შესთავაზეს.
შეგახსენებთ, სს „საქართველოს რკინიგზაში" კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ჯამში რვა პირი, რომელთაგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სუს-ის ცნობით, „საქართველოს რკინიგზაში" მათი მუშაობის პერიოდში გამოყენებული იყო კორუფციული სქემები, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე. უწყების ინფორმაციით, საუბარია შემდეგი სახის დანაშაულებზე: ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ავტორ(ებ)ი :