01.07.2026 18:47
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი გიორგი მალანიაა. "კურიერს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა. მალანია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილია.
"ბრიფინგიდან მაქვს ინფორმაცია, სხვა მეტი დეტალი არ ვიცი, უბრალოდ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საუბარი იყო გიორგი მალანიაზე. მას შემდეგ, რაც საქმე გადავიდა გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ყველა დამნაშავე არის იდენტიფიცირებული. მოლოდინი მაქვს, ყველას პასუხისგებაში მიცემის," - აცხადებს ეკა კუპატაძე.
საქმეზე უკვე 5 პირია დაკავებული, გიორგი მალანია კი იქნება მეექვსე ადამიანი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგება მოუწევს.
გიორგი მალანიას გამოძიება ედავება 376-ე მუხლს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დამტკიცდება, მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორ(ებ)ი :