უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება.
„წვევამდელები ემზადებიან, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ მორიგი შეტევითი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში, ისევე როგორც გასულ წელს. ეს მათი გეგმაა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია წარმატებით დაიცვას თავი რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ ქსელს, ჩნდება მტკიცებულება იმისა, რომ კრემლი ახალ ფართო შეტევას ამზადებს.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ახლა რუსეთს ჰაერში ამარცხებს. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობა 80%-მდე გაზარდეს.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსები 200 ათასამდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ მათ კიევზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ.
ავტორ(ებ)ი :