რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის (ДТЭК) მაღაროზე თავდასხმა განახორციელა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მაღაროში, მიწისქვეშ 192 მუშა იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ამჟამად მაღაროელების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რუსეთის ჯარების მიერ ეს კომპანიის ქვანახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა.
„გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს მტერმა კვლავ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. თავდასხმის დროს მიწისქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. ჩვენი კოლეგების ევაკუაცია გრძელდება. ეს მტრის მიერ კომპანიის ქვანახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა“, – ნათქვამია დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული მხარის ავიაიერიშების შედეგად ჩერნიგოვის ოლქში 55 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდება, შესაბამისი ორგანოები საგანგებო აღდგენით სამუშაოებს დაიწყებენ.
ავტორ(ებ)ი :