გზა საქართველოდან ამერიკულ საბანკო სექტორამდე - ინტერვიუ თათია როჭიკაშვილთან 17.03.2026 18:16

თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლება და კარიერული განვითარება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუმცა ამ გზას ხშირად ახლავს სირთულეები, გამოწვევები და დიდი შრომა. თათია ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომელმაც საქართველოდან დაწყებული საგანმანათლებლო გზა ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულ კარიერად აქცია. დღეს ის საბანკო სექტორში მუშაობს Senior Personal Banker-ის პოზიციაზე, პარალელურად აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაზე და აქტიურად არის ჩართული ფინანსური რისკების მართვის პროფესიულ ქსელში.

 

"ჯორჯიან თაიმსი"  თათია როჭიკაშვილს   მის გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა

 

- თქვენი გზა საქართველოდან ამერიკამდე საკმაოდ საინტერესოა. გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი საგანმანათლებლო გზა.


ჩემი საგანმანათლებლო გზა საქართველოში, თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში დაიწყო. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასა და აქტივობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი, როდესაც მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და PH International-ის პროექტში „მომავალი თაობა". პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც გუნდურ მუშაობასა და ლიდერული უნარების განვითარებას უწყობდა ხელს.

 

- ასევე მონაწილეობდით ბიზნესთან დაკავშირებულ პროექტში. რა გამოცდილება მიიღეთ ამ პროგრამიდან?


იმავე პერიოდში მონაწილეობა მივიღე IBSU-ში ჩატარებულ „ბიზნეს ანბანის პროექტში". ეს პროგრამა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან სწორედ იქ გავეცანი ბიზნესის საფუძვლებს და გავაცნობიერე, რამდენად საინტერესო და მრავალმხრივი სფეროა ფინანსები და ბიზნეს მენეჯმენტი. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა კიდევ უფრო დიდი ინტერესი ბიზნესისა და ფინანსების მიმართ.

 

- მოგვიანებით თქვენი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა და ამერიკაში გადახვედით. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?


- სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოულოდნელად გადავედი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. ყველაზე დიდი გამოწვევა იმ დროს ენის ბარიერი და სრულიად ახალი გარემო აღმოჩნდა. მიუხედავად სირთულეებისა, ეს გამოცდილება ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა და დამეხმარა უფრო მიზანდასახული ვყოფილიყავი.

 

- როგორ გაგრძელდა თქვენი სწავლა ამერიკაში?


- ამერიკაში სწავლა გავაგრძელე Rachel Carson High School-ში, რომელიც წარმატებით დავამთავრე 2020 წლის ივნისში. ამ პერიოდში ჩემი აკადემიური შედეგებისა და აქტიურობისთვის მივიღე National Honor Society Certificate of Membership, რაც ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი მიღწევა იყო რადგან აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს აკადემიურად და საზოგადოებრივად აქტიურ სტუდენტებს..

 

 -  შემდეგ უკვე უნივერსიტეტი და პროფესიული მიმართულება აირჩიეთ. რატომ გადაწყვიტეთ ფინანსებისა და ბიზნესის სფერო?


- იმავე წლის აგვისტოში სწავლა გავაგრძელე Brooklyn College-ის უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლის ივნისში ბაკალავრის ხარისხი ავიღე ფინანსებსა და ბიზნეს მენეჯმენტში. ამ მიმართულების არჩევა ბუნებრივად მოხდა, რადგან ჯერ კიდევ საქართველოში სხვადასხვა ბიზნესთან დაკავშირებულ პროგრამებსა და აქტივობებში ვიყავი ჩართული. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახვა, რომ ფინანსები და ბიზნესის სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა.

 

- დღეს მუშაობთ საბანკო სექტორში. რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?


- ამჟამად ვმუშაობ ბანკში Senior Personal Banker-ის პოზიციაზე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, ფინანსურ კონსულტაციას, სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზებას და მათთვის საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებების მოძებნას.

 

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბანკო სექტორში წარმატებისთვის?


- ვფიქრობ, საბანკო სექტორში წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ადამიანებთან კომუნიკაციის ძლიერი უნარი. ფინანსურ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა - კლიენტებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ფინანსური გადაწყვეტილებები უსაფრთხო და სწორ ხელშია. ამასთან ერთად, აუცილებელია მუდმივი სწავლა და განვითარება, რადგან ფინანსური სფერო მუდმივად იცვლება და ახალ ცოდნას მოითხოვს.

 

 _პარალელურად აგრძელებთ განათლებასაც. რა მიმართულებით სწავლობთ ახლა?


-  ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ზოგადი ბიზნესის მიმართულებით. გარდა ამისა, ვარ GARP-ის (Global Association of Risk Professionals) მონაწილე, რაც ფინანსური რისკების მართვის სფეროში პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.

 

 რა პროფესიულ მიზნებს ისახავთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში?

- GARP-ის მემბერშიპში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ მომავალში ჩემი კარიერა კიდევ უფრო განვითარდება ფინანსების სფეროში. ამასთან ერთად, ჩემი ერთ-ერთი მიზანია, პარალელურად შევქმნა საკუთარი ბიზნესი ფინანსური მიმართულებით.

 

- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს საქართველოში, რომლებიც საერთაშორისო კარიერაზე ფიქრობენ?


ყველაზე მთავარი არის შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. საერთაშორისო კარიერა მარტივი გზა არ არის - ის მოითხოვს ბევრ მუშაობას, მოთმინებას და მუდმივ განვითარებას. თუმცა თუ ადამიანი ნამდვილად მონდომებულია და საკუთარ მიზნებს არ თმობს, შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება.

 

- თათიას ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ განათლება, შრომა და მიზანდასახულობა ახალგაზრდა ადამიანებს საერთაშორისო შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას. საქართველოდან დაწყებული მისი გზა დღეს უკვე წარმატებულ პროფესიულ კარიერად იქცა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებსა და მიღწევებს ჰპირდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ