პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციაში.
„დღეიდან პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მრავალფეროვან და შრომის ბაზარზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებპორტალზე, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროფესიული განათლება წარმოადგენს უმოკლეს და პრაქტიკულ გზას დასაქმებისთვის და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება. პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ, დაეუფლონ ახალ პროფესიას, შეცვალონ არსებული პროფესიული მიმართულება, გაიღრმაონ ცოდნა სხვადასხვა დარგში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, ჯანდაცვა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, მომსახურებები, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, განათლება და სხვა. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე. აღნიშნული მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2025 წელს შეთავაზებული საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე. პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – (+995 32) 2200 220 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@emis.ge“, – ნათქვამია პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :