„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა 16.10.2025 11:27

„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ბიბლიოთეკის რეზო გაბრიაძის კინოდარბაზში, გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმისა ''ამბავი უცნობი გმირისა'', რომელსაც სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, ვეტერანებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

ფილმი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთში ბრძოლის ველზე დაცემულ ზურაბ გურჩიანს და იგი ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის XI კლასის მოსწავლეებმა _ მარიამ გაგუამ, ანასტასია უგლავამ და ნიკოლოზ ჯანაშიამ გადაიღეს. ფილმის რეჟისორი, ევროპული სკოლის სატელევიზიო სკოლის დირექტორი, ირაკლი ჯაოშვილი, ხოლო იდეის ავტორი, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ია ღადუა გახლავთ.

ზურაბ გურჩიანი, 1971 წლის 23 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში დაიბადა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, მოხალისედ წავიდა ომში:'' მამა, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე, ამას, ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა, ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა,"- ესაა ამონარიდის მისი ფრონტიდან გამოგზავნილი წერილიდან.

ზურაბ გურჩიანი, 1993 წლის 5 ივლისს, კამანისთვის ბრძოლაში, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

2021 წლის 1 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.

ფილმის ჩვენებას, ასევე, ესწრებოდნენ ზურაბ გურჩიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და ევროპული სკოლის წარმომადგენლები.

კობა კობალაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა დღევანდელი დღე, რადგან ეს ნათელი მაგალითია იმისა,რომ მომავალი თაობა თავის გმირებს არ ივიწყებს და ცდილობს, ძალისხმევა არ დაიშუროს მათი სახელების უკვდავსაყოფად. მან ფილმის შემქმნელებს და იდეის ავტორს მადლობა გადაუხადა საინტერესო, ემოციური ფილმისთვის, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ