28.10.2025 11:34
პირველი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება - N306 მარშრუტზე ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.
„აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე რვა ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობდა, ხოლო განახლებულ მარშრუტზე მგზავრებს 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, რაც გაზრდის ტევადობასა და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე, შემცირდება მოლოდინის დრო. ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.
გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე, შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით მეტროსადგურ „დიდუბის" მიმართულებით გადაადგილდებიან.
ავტორ(ებ)ი :