 
              
              
                   31.10.2025 18:13
              
              31.10.2025 18:13
          
          დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტში არსებულმა სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს უმასპინძლა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კობა კობალაძე, სტუდენტებს, მათივე და კურსის ხელმძღვანელის, დავით კაკულიას ინიციატივით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეპიზოდებზე ესაუბრა; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოდორის (დალის) ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 1993 წლიდან დღემდე; ლექცია მოიცავდა კონფლიქტის პრეისტორიის, მიმდინარეობისა და შედეგების ანალიზს.
სამსახურის დირექტორმა გაიხსენა კოდორის ხეობის ირგვლივ განვითარებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 2001 წლის 4 ოქტომბერს, ქართულ-ჩეჩნური გაერთიანებული რაზმის რეიდი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში; 2002 წელს განვითარებული მოვლენები, როცა რუსული დესანტი, ალყაში მოაქციეს და ქვეყანას სერიოზული პროვოკაცია ააცილეს თავიდან. მიმოიხილა კოდორის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისაგან თავდაცვის რაზმის- "მონადირის" ჩამოყალიბება. შემდგომში ეროვნული გვარდიის ცალკეულ სამხედრო ნაწილად ფორმირებული "მონადირის" გაუქმების პროცესი და მაშინდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მიყენებული ზიანი როგორც კოდორის, ასევე, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებზე.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განვითარებული მოვლენების ანალიზმა. კობა კობალაძემ ისაუბრა აგვისტოს ომის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე და, ასევე, ჩვენი მეომრების პიროვნული გმირობის იმ მაგალითებზე, რომლებმაც სახელისუფლებო ვერტიკალის სრული უმოქმედობის პროცესში, ჩვენს ქვეყანას სახე შეუნარჩუნა.
ლექციამ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა, სტუდენტებმა დასვეს საინტერესო კითხვები, გაიმართა დისკუსია.
"ლამაზი, გულანთებული, ინტერესით აღვსილი ახალგაზრდები არიან, აინტერესებდათ საქართველოს ისტორიის ის დეტალები, რომლებიც მოიცავდა კოდორის ხეობას, მთლიანად კონფლიქტის არეალს. ასევე, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი (მოქმედებების) დადებითი და უარყოფითი მხარეები. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით განვიხილეთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, დისკუსია. განვიხილეთ კოდორის ხეობის, სამაჩაბლოს მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიება. კიდევ ერთხელ, მე მინდა, მადლობა გადავუხადო, თითოეულ მათგანს; მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ბავშვები სადაც არიან, იქ იქნება, წარმატება, პრინციპი, იქ იქნება ჭეშმარიტი, მართალი ჟურნალისტური აზრი და სამშობლოს შეგრძნების განვითარება,- "განაცხადა კობა კობალაძემ.
სტუდენტებისთვის, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებზე, უშუალოდ, ამ ბრძოლების ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან- გენერლისგან მოწოდებული ინფორმაციის მოსმენა იმდენად საინტერესო იყო, რომ გამოთქვეს სურვილი, ასეთმა შეხვედრებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს; დაიგეგმა სამომავლოდ, უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთობის გაღრმავების გზებიც.
ავტორ(ებ)ი :