01.11.2025 18:28
„დღის ქრონიკაში“ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, თინათინ გოგრიჭიანმა განმარტა, რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს ვალდებულება გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი.
„40 000-ლარიანი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით, დასაბეგრ მიწაზე დეკლარაციის ვალდებულება და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება გვაქვს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენს სახელზე, 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში ირიცხება მიწა. მიწაში იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწები. დასაბეგრ მიწაში ასევე იგულისხმება სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული მიწა, რომელსაც პირი ფლობს ან სარგებლობს მისით, ასევე გარდაცვლილის სახელზე რიცხული მიწა, რომელსაც დეკლარანტი იყენებს“, - აღნიშნა თინათინ გოგრიჭიანმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 3 ნოემბერს იწურება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
,,ქონების გადასახადთან დაკავშირებით დღეს რა საკითხებიც განიხილება, ეს საკანონმდებლო სიახლეს არ წარმოადგენს.''- აღნიშნა თინათინ გოგრიჭიანმა.
„როგორც შარშან წარადგინეს და გადაიხადეს ქონების გადასახადი იმ პირებმა, ვისაც ეკუთვნოდათ ქონების გადასახადის გადახდა, ანალოგიური წესი და რეჟიმი ვრცელდება 2025 წელს წარსადგენ დეკლარაციებთან მიმართებითაც“, - აღნიშნა თინათინ გოგრიჭიანმა.
როგორც მან აღნიშნა, დაბეგვრის რეჟიმში გადასახადის ვალდებულება არ შეცვლილა.
ავტორ(ებ)ი :