ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია იმერეთის რეგიონში ჩაატარა 03.11.2025 13:59

მიმდინარე წლის 1-ელ და 2 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა - საქართველომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ჭიათურასა და საჩხერეში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევები ჩაატარა.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 10-კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 134-მა ბენეფიციარმა და მათ ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 268 ოპტიკური სათვალე და 22 გლუკომეტრი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის პირველად 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების 35 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 4368 ბენეფიციარს უსასყიდლოდ ჩაუტარდათ კვალიფიციური ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ გადაეცათ 7063 სათვალე;

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ