20.11.2025 15:53
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წერილობით მიმართეს.
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის სახით.
მათივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობის ან წინასწარი დაკავების ფაქტი არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია და შეხვედრა შეეზღუდოს პატიმარს. საქართველოს კონსტიტუცია, სასჯელაღსრულების კოდექსი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების, მშობლისა და შვილის კავშირის და შეხვედრების უფლებას, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული, ინდივიდუალური და დასაბუთებული საფუძვლით, რაც არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში. გაუგებარია ბავშვებთან კომუნიკაციის ან შეხვედრის აკრძალვა რას ეფუძნება ან/და რას ისახავს მიზნად, გარდა იმისა, რომ ეს შეზღუდვა არის პოლიტიკური აქტი და იარაღი პოლიტიკოსის წინააღმდეგ
მოვითხოვთ, უზრუნველყოთ ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო ზარები, ვიდეოკომუნიკაცია, წერილობითი მიმოწერა. ჩაინიშნოს და განხორციელდეს არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის სახით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახური ცხოვრების უფლებას და კანონმდებლობით გარანტირებულ მინიმალურ სტანდარტებს. ამიტომ მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პროკურატურაში ჩააბარეს.
ავტორ(ებ)ი :