28.11.2025 19:31
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) თითქოს "ბლოკირების" შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის, სგპ. "წითელ ხიდზე" მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.
საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრევენციის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული რისკის პროფილების გამოყენებით ტვირთების ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :