03.12.2025 17:17
ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი საელჩოს ბევრი პროგრამა, წლების განმავლობაში, ეხმარებოდა ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა საპატრიარქოში სტუმრობისას განაცხადა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, შიოს(მუჯირი), მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებას შეხვდა.
მისი თქმით, საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში ქართულ ეკლესიას და უწმინდესობას დიდი როლი აქვს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თითოეულ თქვენგანთან შეხვედრა და საუბარი. ნამდვილად ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას, ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობას. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ელჩს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საელჩოს წარმომადგენელს ჰქონია თქვენთან შეხვედრები და უთანამშრომლია. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებთ. უაღრესად ვაფასებთ ქართული ეკლესიის როლს ქვეყნის, ქართველი ხალხის იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ძალიან გთხოვთ, გადასცეთ ჩემი უდიდესი მოკითხვა და პატივისცემით მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს. როდესაც მის ბიოგრაფიას ვკითხულობ მართლაც დაუჯერებელია და საოცარია, რა პერიოდებში და რა მოვლენებში უწევდა მოღვაწეობა“, – განაცხადა ალან პერსელმა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საელჩოს ბევრი პროგრამა წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
„ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის, გასაოცარი რამეა, როდესაც ვსაუბრობთ ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავზე. ჩემი ცხოვრების ხუთი წელი საქართველოში გავატარე. ბევრი მიმოგზაურია, წამიკითხავს წიგნები, გაზეთები, სტატიები. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნის ისტორია იმდენად დიდია და იმდენად ღრმაა, რომ მე, ალბათ, მხოლოდ რაღაც ზედაპირი ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საზეიმო წლისთავები, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამის წარმოჩინება და აღნიშვნა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი საელჩოს ბევრი პროგრამა, წლების განმავლობაში, ეხმარებოდა ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ალან პერსელის განცხადებით, საპატრიარქოში ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა შედგა.
„ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე. მინდა, აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს და შეასრულა საქართველოში ქრისტიანული იდენტობია, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, ის ხანგრძლივი ურთიერთობა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან და ქართულ ეკლესიასთან. ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რაც მხარს უჭერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, თუ სხვადასხვა რელიგიური მნიშვნელობის ობიექტების დაცვას და შენარჩუნებას, იქნება ეს ეკლესიები, ხელნაწერები, თუ სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით“, – განაცხადა ალან პერსელმა.
საპატრიარქოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და შიო მუჯირის შეხვედრის ვიდეოს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :