თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა 23.12.2025 20:56

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, ავთანდილ ჯორბენაძის კოლეგებმა და მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ასევე, საქართველოში სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ავთანდილ ჯორბენაძის მოღვაწეობა გაიხსენეს: ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ასევე ავთანდილ ჯორბენაძის კოლეგებმა და მეგობრებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ავთანდილ ჯორბენაძის კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები და საპატიო სტუმრები.
ავთანდილ ჯორბენაძე სხვადასხვა წლებში იკავებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს:
1993 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 26 მარტამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე;
1993 წლის 26 მარტიდან 1993 წლის 19 ოქტომბრამდე - სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე - საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი;
1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე - სახელმწიფო მინისტრი.
2011 წლიდან გარდაცვალებამდე ავთანდილ ჯორბენაძე იყო აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად ახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 191 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს სამსახურის 15 378 ბენეფიციარს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ