25.12.2025 11:28
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
"თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს და გისურვებთ დღეგრძელობას, მხნეობას, თქვენი სამწყსოს კეთილდღეობას და სულიერ წინსვლას!
ჩვენ, ამ ქვეყნის ჯარისკაცებს, ვეტერანებს, არა ერთგზის გვიგრძნია თქვენი მამაშვილური სიყვარული, ნუგეში და ლოცვის მადლი, რომელიც მხნეობას გვმატებს, სამშობლოს მსახურებაში გვაძლიერებს!
თქვენი სულიერი ძალა და შემართება, თქვენი სიბრძნე და გონიერება, ისე, როგორც არასდროს, ჰაერივით სჭირდება ჩვენს ერს, ეკლესიას და სრულიად საქრისტიანოს დღეს, ამ გლობალიზაციის, ფასეულობათა აღრევის ეპოქაში! უფალს ვთხოვ თქვენს სიცოცხლეს და დღეგრძელობას, ჩვენი ერის საჭეთმპყრობელო!
ინებოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მისი წილხვედრი ქვეყნის ერთ სულ და ერთ ხორც გაერთიანება! თქვენს მიერ აღვლენილი საღვთო ლიტურგია დიდ ხანს ეფინებოდეს მადლად სრულიად საქართველოს!
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე და ლოცვის მადლი, უნეტარესო!
დიდი სიყვარულით და პატივისცემით,
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე".
ავტორ(ებ)ი :