26.12.2025 18:19
„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამა უმნიშვნელოვანესია. მასზე წლების განმავლობაში ვმუშაობდით. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩვენი ქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე ამ პროგრამის ინიციატორად დაასახელა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. მეშვიდე მოწვევის საკრებულოში, მართლაც, განუზომლად დიდი შრომა გავწიეთ", - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის შესახებ დადგენილების პროექტის კომენტირებისას გააკეთა.
ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, აღნიშნული პროექტის დამუშავებაში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები იყო ჩართული.
„მინდა ყველას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. საწყის ეტაპზე ამ პროექტისთვის 100 მილიონი უკვე გამოყოფილია. სიკეთისა და სწრაფად წინსვლის იმედი მაქვს. არის ძალიან ბევრი ოჯახი, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, ჩვენ კი გამოსყიდვის გზით მათი დახმარების საშუალება გაგვიჩნდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა იმ უწყების ჩართულობით, რომლებსაც ამ პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა ევალება, პროგრამა ძალიან კარგად იმუშავებს", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ავტორ(ებ)ი :