რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს, შესაძლოა კანონით დარეგულირდეს 29.12.2025 21:25

რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს, შესაძლოა დარეგულირდეს კანონით - ქვეყნის პირველი კანონმდებელი სისხლის სამართლის კოდექსში ანტიმონოპოლიური მუხლების დამატებას არ გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საუბარია ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასების შემცირებაზე, რომელიც საბაჟოდან მაღაზიების დახლებამდე საშუალოდ 86 პროცენტით ძვირდება. პარლამენტის თავმჯდომარის აზით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის ფორმატში ამ საკითხზე დისკუსია გაიხსნას, რაც პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას გააჩენს.

კონკურენციის სააგენტოსა და საპარლამენტო კომისიის შექმნის პარალელურად, კანონმდებლები მზად არიან, ეფექტური შედეგის მისაღწევად ევროპული და ამერიკული გამოცდილება გაიზიარონ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს რეაგირება მკაცრი იქნება, თუმცა, ეს ბიზნესისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს.

ფასნამატების ლოგიკურ ჩარჩოებში დაბრუნება რომ აუცილებელია, ამას ვერც ოპოზიციაში უარყოფენ. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები, პრობლემას ბიზნესის მიდგომების ნაცვლად მთავრობაში ხედავენ. ამბობენ, რომ იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება ძირითადად დღგ-ს გადასახადის მოცულობას უკავშირდება.

ოპონენტების პოზიციას სპეკულაციურს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტია მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად, კანონმდებლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს ამოღებული ანტიმონოპოლიურო მუხლების დაბრუნებას არ გამორიცხავს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ბიზნესთან დიალოგისა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის შედეგად, ფასნამატების მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება დროულად მოხდება.

მთავრობის მეთაურმა ფასების რეგულირების აუცილებლობაზე ვიდეომიმართვა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა. პრემიერის ინიციატივით, სავარაუდო კარტელური სქემების აღმოჩენის მიზნით, კონკურენციის სააგენტო აქტიურად იმუშავებს. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთვება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ