შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა 01.01.2026 13:30

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.

მოქმედი გრაფიკის მიხედვით, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს ძაღლების მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი წესი, ხოლო მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტები 1-ელ მარტამდე უნდა დაამტკიცოს.

ამავე ვადამდე, 1-ელ მარტამდე, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

  • შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დამტკიცება;
  • სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება;
  • ვეტერინარული კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

მუნიციპალიტეტებს 2026 წლის 1-ელ მარტამდე ევალებათ ცხოველთა ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახალი წესების დამტკიცება.

კანონის მიხედვით, 1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ხოლო არამარეგისტრირებელმა სუბიექტებმა - მხოლოდ წვდომის მისაღებად. 1-ელ ივლისამდე სეს-მა უნდა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების სრული წვდომა.

ჯარიმები და სანქციები

2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება სანქციები შემდეგი ვალდებულებების დარღვევისთვის:

  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - 1 500 ლარი
  • სტერილიზაცია/კასტრაცია - 1 500 ლარი
  • ცოფის ვაქცინაცია - 500 ლარი
  • გამრავლება თანხმობის გარეშე - 3 000 ლარი
  • ცხოველის მიტოვება - ფიზიკური პირი 5 000 ლარი, იურიდიული პირი 10 000 ლარი

საშენების დაჯარიმება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება:

  • მოშენების წესების დარღვევა - 1 000 ლარი
  • მოშენება რეგისტრაციის გარეშე - 5 000 ლარი
  • მოშენების მორატორიუმის დარღვევა - 10 000 ლარი

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესული ცვლილებებით:

  • ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რომელმაც დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე;
  • თუ ქმედებამ ცხოველის დაღუპვა გამოიწვია — სასჯელი იქნება ჯარიმა, შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე.

კანონის ძალაში შესვლის ეტაპები

2027 წლის 1-ელ იანვრამდე:

  • 2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
  • უკვე იდენტიფიცირებული ცხოველების მეპატრონეებმა უნდა მიმართონ რეგისტრაციისთვის;
  • საშენებმა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა გაიარონ;
  • რეგისტრირებული ცხოველები 2027 წლის 1-ელ იანვრამდე სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას არ ექვემდებარებიან.

2027 წლის 1-ელ ივლისამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს კინოლოგისა და ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი, ხოლო 2028 წლის 1-ელ ივლისამდე სპეციალისტებმა სერტიფიცირება უნდა გაიარონ ან განათლების აღიარებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართონ.

დაჯარიმება უკვე 2026 წლიდან

მეპატრონეები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაჯარიმდებიან:

  • ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე - 150 ლარი
  • ცხოველთან ერთად მგზავრობის წესის დარღვევა - 150 ლარი
  • აკრძალულ სივრცეში შეყვანა - 50 ლარი

მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტერინარი) 2027 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან:

  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის - 3 000 ლარი
  • მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევისთვის - 500 ლარი

 

არამარეგისტრირებელი სუბიექტებისთვის (ცხოველთა სასტუმრო, კინოლოგი/ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) იგივე დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ