07.01.2026 10:56
მინდა, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე, განსაკუთრებით, ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტეს შობა არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს მოვულოცო და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე იყოს ბედნიერი. დღევანდელი დღე არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის და მინდა, რომ ყველამ გავიხაროთ ამ დღევანდელი დღესასწაულით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საშობაო ღვისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე - მთავრობის და პარლამენტის წევრები.
საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებსა და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.
ავტორ(ებ)ი :