ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს -ჯანდაცვის სამინისტრო 09.01.2026 13:42

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ