20.01.2026 14:05
15-16 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხებს დაეთმო.
ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და ევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის მკვლევრები, მენეჯერები, კვლევის კეთილსინდისიერების საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები და პროექტის გარე შემფასებელი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჯგუფური მუშაობის ფორმატით და მოიცავდა პროექტის შედეგების გავრცელების პრაქტიკულ საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებზე, მათ შორის პრესრელიზების მომზადების, მედიასთან ურთიერთობისა და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებზე. ხოლო მეორე დღეს მუშაობა გაგრძელდა „მსოფლიო კაფეს“ ფორმატით, რომლის ფარგლებში განისაზღვრა კონკრეტული აუდიტორიებისთვის განკუთვნილი ძირითადი გზავნილები და მათი გავრცელების შესაბამისი ფორმები. ასევე განხილულ იქნა პროექტის შედეგების სხვა კვლევით ინიციატივებთან დაკავშირებისა და გრძელვადიანი კომუნიკაციის მიდგომების ჩამოყალიბების თემები.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული გამოცდილება, განიხილეს სამეცნიერო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მიმართ ნდობის განმტკიცებას.
პროექტის შესახებ
პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
პროექტის კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
ქართული უნივერსიტეტები:
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ავტორ(ებ)ი :