24.01.2026 10:07
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კმ-იანი (კმ7-კმ11) და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 2 (კმ1-კმ2) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა.
"იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის ძირითადი ნაწილი გადის დასახლებულ პუნქტებში. არსებული საფარი არის ხრეშოვან-გრუნტოვანი, რომელიც დაზიანებულია, გაჩენილია მრავლობითი ორმოები, მოსაწესრიგებელია გრძივი და განივი ქანობები, მოსაწყობია სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, გზაზე მოსაწყობია მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები (საგზაო ნიშნები, ზღუდარები და სხვა); ნალექის შედეგად ირეცხება გზის საფარი, რაც აფერხებს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. აღნიშნული მიმართულება ერთმანეთთან აკავშირებს ბევრი დასახლებული პუნქტის მოსახლეობას. გზის რეაბილიტაციის შემდგომ კი უზრუნველყოფილი იქნება გზით მოსარგებლეთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, განვითარდება გზისპირა ინფრასტრუქტურა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 420 045 ლარს.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრიდან და მთავრდება არ მისული მდინარე საკანაფისხევის სახიდე გადასასვლელთან. ხოლო მათ შორის გზის დაახლოებით 1 კმ-იანი მონაკვეთი გადის დასახლებელ ტერიტორიაზე. არსებული დაზიანებული გზის მოსაწესრიგებლად დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2 024 144 ლარს.
აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :