26.01.2026 19:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო პროდუქტების ფასნამატზე ახდენს გავლენას და დაიდენტიფიცირებული და შეფასებული იყო მთავრობის კვლევაში. მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროა, ზუსტი მექანიზმების მოძებნა, რომელიც აღნიშნული ფასნამატის შემცირებას უზრუნველყოფს.
„მას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური ანალიზი და მუშაობა, რათა, ერთი მხრივ, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზრუნველვყოთ ბიზნესის თავისუფლება, მეორე მხრივ კი, იმ სოციალური ფაქტორის გათვალისწინება, რომელიც დამატებით ხარჯად აწვება მოსახლეობას," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, სწრაფას ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ე.წ. საბაზრო ჩავარდნა ფიქსირდება. „თუ შევადარებთ 2019 წელს, შინამეურნეობების შემოსავალი დაახლოებით 70 პროცენტით არის გაზრდილი, მაშინ როცა სამომხმარებლო ხარჯებში სასურსათო პროდუქციაზე დანახარჯების წილი, 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად არ შემცირებულა და დაახლოებით 43 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით ფიქსირდება და ძალიან სწორად იყო იდენტიფიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ," - თქვა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძე გამოეხმაურა ოპოზიციის იმ ნაწილის მოსაზრებას, რომლებიც საქართველოში გადასახადების განაკვეთების შემცირების ინიციატივით გამოდიან. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მიერ დასახელებული ფასნამატის მონაცემები დღგ-ს გარეშე ფასს ეყრდნობა, კერძოდ შედარებულია პროდუქციის საიმპორტო და დღგ-ს გარეშე საცალო ფასები, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სარეალიზაციო ფასი საზღვრიდან დახლამდე ფაქტობრივად, ორჯერ იზრდება.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, დღგ-ს განაკვეთი ბოლო ათწლეულებია საქართველოში არ შეცვლილა და ის ვერ იქნება ფასების ზრდის განმაპირობებელი. „თუ შევხედავთ ჯამურ საგადასახადო ტვირთს, საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაშიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯამურად საოპერაციო ხარჯები სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაში, გაცილებით მაღალია, თუმცა ვხედავთ, რომ ფასი, იგივე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ მაღალია. პრემიერ-მინისტრის მითითებით ასევე ხორციელდება აღნიშნული მიმართულების დეტალური ანალიზი და ამ საკითხს კომპლექსურად ვუპასუხებთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, ვახტანგ ცინცაძის თქმით, უშუალოდ კერძო სექტორის მხრიდანაც დღგ-ს საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევად არ იყო დასახელებული. „რაც შეეხება ლოგისტიკურ თუ სხვა ტიპის ბარიერებს, რომელთაც სადისტრიბუციო კომპანიები, თუ ადგილობრივი მწარმოებლები სხვადასხვა ოპერაციების განხორციელებისას აწყდებიან, ჩვენ ამ მიმართულებითაც ანალიზს ვახორციელებთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მინიტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის გამოწვევები სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებშიც არსებობდა და ამ გამოწვევებს მათ საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის რეგულაციებით უპასუხეს. „ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშემწყობი და არა ფასების ერთჯერადად შემცირების განმაპირობებელი. ერთერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, არის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკების აღმოფხვრისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის შესაძლებლობა," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ავტორ(ებ)ი :