29.01.2026 11:58
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
„კომუნიკაციების კომისიამდე, იგი ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში" ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
ავტორ(ებ)ი :