11.02.2026 12:58
თბილისის მერიის კონკურს „შემოქმედებითი თბილისის" პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დღეიდან იწყება.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული კონკურსის შვიდწლიანი არსებობის განმავლობაში 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა.
„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, მისი არსებობის შვიდი წლის განმავლობაში, 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, ქართულ ზღაპრებზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაშები, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო, პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები და სხვა", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, გაზაფხულის სეზონზე, დღეიდან 6 მარტის ჩათვლით, განაცხადები მიიღება ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედია ხელოვნება.
ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი 2021 წლიდან არის იუნესკო-ს მედია-ქალაქების ქსელის წევრი, რაც დიდი სტიმულია ამ მიმართულების განვითარებისა და ხელოვანების საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: www.culture.tbilisi.gov.ge.
ავტორ(ებ)ი :