25.02.2026 14:43
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს, - ამის შესახებ სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4).
„შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირებისა და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.
ამავდროულად, მეწარმე ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა", - აცხადებენ სეს-ში.
მათივე ცნობით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს - 1501. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა!", - აცხადებენ სეს-ში.
ავტორ(ებ)ი :