დღეს, მირზა გელოვანის დაბადების დღეა 02.03.2026 18:07

დღეს, 2 მარტს, ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის დაბადების დღეა.

 

მირზა (რევაზ) გელოვანი 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის რაიონი) დაიბადა.  ის მეორე მსოფლიო ომში, ბელორუსის ტერიტორიაზე 27 წლისა დაიღუპა.

 

მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას, გედეონს, იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი, შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზა აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.

 

მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას. იქამდე სანამ მირზა სკოლაში წავიდოდა, წერა-კითხვა იცოდა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა: „ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?“

 

მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი “თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში “ლაშაური საღამოები” (1935წ).

 

1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.

 

1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. “ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”- წერდა მირზა ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.

 

„მე შენი თმები დამაბრუნებენ“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს. თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა:

 

„არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები“…

 

„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“...

 

მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.

 

ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“.

 

ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.

 

მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი „მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი .

 

 ("თუშის ქალი წყაროზე", 1936; "ფანდური", 1938; "ცხრაკარა", 1938; ბალადა "აონი", 1937; "შავლეგო", 1938; "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; 

 ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც ("ძმათა საფლავთან", 1941; "მელოდე", 1942; "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", 1943; "დედას", 1943; "ჩემი ლექსები", 1944 და სხვა).

 ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა.

 

გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975).

 

ნუ მწერ…

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,

რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,

რომ საქართველო ამ გაზაფხულში,

როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,

რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,

რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,

როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან

აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,

მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,

და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,

როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი

ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,

რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით

და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს

მოაქვს გულების საამო ფეთქვა,

და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,

თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული

და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,

რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,

ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

 

მირზა გელოვანი

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ