04.03.2026 21:39
ბუნებრივი ტყეები, კლდეები, კანიონები და მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექცია - ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მიღებას, ხვალ, დილის 9 საათიდან განაახლებს.
ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლის მისაღებად სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე ცენტრალური სავალი ნაწილები უკვე სრულად გაწმენდილია მოტეხილი ტოტებისა და ნარჩენებისგან. გზებზე უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდებიან ელექტრომობილებიც, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები და პეიზაჟები იშლება. ამ ეტაპზე, სამუშაოები გრძელდება ტყის მასივსა და ფერდობებზე, რის გამოც ვიზიტორებისთვის ბილიკებზე გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება.
უხვი ნალექის მოსვლიდან რამდენიმე საათში, ბაღის ტერიტორიაზე მუშაობა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა კომისიამ დაიწყო. ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ უსაფრთხოებისა და უნიკალურ მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს. პარალელურად, მიმდინარეობს ზიანის შეფასება და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა.
თოვლის შედეგად, თბილისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მერია თოვლს მომზადებული შეხვდა და პროცესში ყველა შესაბამისი სამსახური მომენტალურად ჩაერთო. უკვე აღდგენილია ელექტროგადამცემი ხაზები და გარე განათების ბოძები. ქუჩებიდან გრძელდება წაქცეული ხეებისა და დამტვრეული ტოტების გატანა. შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების შეტყობინებებზე რეაგირებას. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.
ზამთრის ბოლო დღეებში დედაქალაქი უხვმა ნალექმა მოიცვა. ძლიერი თოვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ავტორ(ებ)ი :