11.03.2026 13:38
ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყობა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად იყოს გამწვანებული.
„ქალაქში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს გლდანის რაიონის გამგეობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნესის სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტისთვის დაახლოებით 600 000 ლარი დაიხარჯება.
„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. დიდი საპარკო არეალები, საქალაქთაშორისო მნიშვნელობის პარკები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამ კუთხით ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ. ამასთან, განვახორციელოთ უკანონო შემოღობვებისა და უსახური, ყველანაირი პრობლემის მქონე ფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებითა და ჩართულობით, შევიმუშავოთ პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება მისაღები. სასიამოვნოა ის, რომ პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანებით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მოსახლეობას აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, უსახური ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.
ავტორ(ებ)ი :