18.03.2026 15:00
ტელე- რადიო კომპანია " ჯორჯიან თაიმსი" მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
დღეს სიტყვები უძლურია იმ ტკივილის წინაშე, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ...
ჩვენ დავკარგეთ სულიერი მამა,-ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა რწმენით, სიბრძნითა და უსაზღვრო სიყვარულით. თუმცა ზეციურ საქართველოში წმინდა მეოხი შეგვემატა. მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი, ხოლო მისი ცხოვრების გზა -უცვლელი გზამკვლევი ქრისტესმიერი სიყვარულისკენ.
პატრიარქმა მართლაც ეპოქა შექმნა. შეძლო შეუძლებელი - 30 მღვდელმსახურით დაწყებული გზა, 2000-მდე გაზრდილ სასულიერო დასამდე მიიყვანა. მან თავისი გარდაცვალებითაც კი შეძლო ერის გაერთიანება.
1977 წელს ილია მეორის აღსაყდრებისას - საქართველოში მხოლოდ 30-მდე მოქმედი ტაძარი და 15 ეპარქია იყო.
დღეს (2026 წლისთვის): მოქმედი ეკლესია-მონასტრების რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, ხოლო ეპარქიების რიცხვი 47-მდე გაიზარდა.
მისი ყოველი სიტყვა ამხნევებდა, მისი ლოცვა ამშვიდებდა, ხოლო მისი ცხოვრება იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი მსახურება ღმერთისა და ერის წინაშე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გზა იყო გზა სინათლისა -გზა, რომელიც აერთიანებდა, ამხნევებდა და გვასწავლიდა, რომ ყველაზე მძიმე განსაცდელშიც კი რწმენა და იმედი არ უნდა დაგვკარგოდა. სწორედ ამ ძალამ აქცია იგი არა მხოლოდ სულიერ წინამძღვრად, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ.
დღეს ვგლოვობთ უდიდეს დანაკლისს... თუმცა ამავე დროს მადლიერებით ვიხსენებთ იმ დიდ სიყვარულსა და სიბრძნეს, რომელიც მან დაგვიტოვა. მისი ხსოვნა დარჩება ჩვენს გულებში, ჩვენს ლოცვებში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღეს ტირის მთელი საქართველო ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა - პატრიარქმა თავისი გარდაცვალებით ერი გააერთიანა.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას და ყოველ ქართველს, ვისთვისაც ეს დანაკლისი პირადი ტკივილია.
მისი ხსოვნა დარჩება ჩვენი ერის მორალურ ორიენტირად, ხოლო მისი სიბრძნე - გზამკვლევად მომავალი თაობებისთვის.
უფალმა მისცეს ძალა ჩვენს ქვეყანას ამ უდიდესი დანაკლისის ღირსეულად დასაძლევად. სუფევდეს სული მისი ნათელში.
ავტორ(ებ)ი :