18.03.2026 19:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
"კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასო, საყვარელო ადამიანებო. ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული, ჩვენ კი შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი," - განაცხადა მეუფე შიომ.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში, ამ წუთებში, სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს.
სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად; პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საპატრიარქოსთან, ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძარში, დილიდან შეკრებილები არიან მოქალაქეები.
დღეს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები - უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
დღესვე, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
ავტორ(ებ)ი :