20.03.2026 15:06
98 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი. ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, ეპიფანემ განაცხადა.
საპატიო პატრიარქი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
„დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა მწუხარება და სევდაა, რადგან დღეს დასრულდა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის მიწიერი მოგზაურობა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა სრულიად უკრაინულ სამწყსოს, რომ გულითადი ლოცვა აღავლინონ გარდაცვლილი პატრიარქის, ფილარეტის სულის მოსახსენიებლად.
უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პატრიარქი ფილარეტი იბრძოდა უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის.
ტომოსის მიღებამდე ის ხელმძღვანელობდა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსების შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.
ავტორ(ებ)ი :