პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს 22.03.2026 17:19

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი არის მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი სასულიერო გზა გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში დაიწყო, სადაც მან განათლება მიიღო. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მსახურება ჯერ მცხეთის, შემდეგ კი ბათუმის საკათედრო ტაძარში დაიწყო. მალევე, 1963 წელს, პატრიარქ ეფრემ II-მ ის შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხა. ილია მეორე დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1967 წელს ის გადაიყვანეს აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც მან 11 წელი გაატარა. ილია მეორე ქვეყნის პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. პატრიარქად კურთხევის შემდეგ ილია მეორე მთელი საქართველოსთვის საყრდენი ძალა გახდა. ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში 49 წელი იყო. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირია.

სწორედ ილია მეორის ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია. მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. სწორედ მისი პატრიარქობის დროდ გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.

ოთხ იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 93 წელი შეუსრულდა. პატრიარქობის 49 წლის განმავლობაში, ილია მეორე ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტებში - 9 აპრილს, სამოქალაქო ომის დროს თუ აგვისტოს ომის დღეებში. ის გახდა მორალური ორიენტირი, რომელმაც შეძლო ერის გაერთიანება სულიერი ღირებულებების გარშემო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ