ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, მაგალითად დაგვისახა -შალვა პაპუაშვილი 24.03.2026 15:44

ქართველი ხალხი შეეცადა, ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ილია მეორე მართლაც ისტორიული პიროვნება იყო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის.

„ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც მილიონ-ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში, რათა თავისი მწუხარება გამოეხატა. ეს იყო მართლაც მომენტი, როდესაც მთელი ერი იყო ერთიანი ამ მწუხარებაში და, გარკვეულწილად, ყველანი ვცდილობდით, ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა, რათა ის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა. ვნახეთ ასევე ერთობა ეკლესიური, ერთობა რელიგიებს შორის, როდესაც, როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების, ისე, ზოგადად, ყველას მხრიდან, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, პატრიარქს იცნობდა, მოვისმინეთ მწუხარების სიტყვები, მიუხედავად კონფესიისა, რელიგიისა. მართლაც ისტორიული პიროვნება იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობაც გვქონდა, ვისმენდით, როგორ აფასებდნენ მის ღვაწლს, როგორ სცემდნენ პატივს მის წვლილს ქრისტიანული სამყაროს განვითარებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ