25.03.2026 19:30
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს, "მიხეილ მესხი 2"-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად კვლავ არ უვარჯიშიათ.
წლის პირველ მატჩში ეროვნულ გუნდს კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების ახალმა კაპიტანმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მითუმეტეს, როცა პირადად მე მომიწია გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას კაპიტნობის ქვეშ თამაში. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ შევეცდები, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო ამ ასპექტში და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. ვნახოთ, იმედი მაქვს, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ და მე ვფიქრობთ და ვოცნებობ. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვგეგმავ და ყველაფერი კარგად ჩაივლის," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ავტორ(ებ)ი :