02.04.2026 16:27
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, უკვე ერთი წელია, წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პროგრამამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების, ისე მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.
„პროგრამის მთავარი მიზანია ბალანსის დაცვა - ერთი მხრივ, მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომით დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ცხოველების მდგომარეობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ადამიანების უსაფრთხო გარემო, მათი ჯანმრთელობის დაცვა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და ზიანს აყენებს როგორც საზოგადოებრივ ინტერესს, ისე თავად ცხოველთა დაცვის საქმეს. ამასთანავე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა ასეთი ცილისწამების ფაქტი იქნება სათანადოდ გამოძიებული. თითოეული პირი, რომელიც ჩართულია მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის განხორციელებას საზოგადოების ინტერესების, უსაფრთხოებისა და ჰუმანური ღირებულებების დაცვით", - განაცხადა დავით სონღუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :