მეუფე შიო-უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, არამედ აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა 09.04.2026 15:17

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობა, მაგრამ, ამავე დროს, სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც იმ საოცარ დღეებში გამოვლინდა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

 

მისივე თქმით, „დღესაც დადასტურდა, რომ ჩვენს ერში, ქვეყანაში უხვად არის მუხტი და ეს სული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ დღეებში ვნახეთ".

 

 

„ჩვენ ახლა პანაშვიდში მოვიხსენიეთ როგორც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულიც. განსხვავებული იყო მათი ცხოვრება, მათი ღვაწლი, აღსასრული, მაგრამ მისმა უწმინდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას და 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები, დები დაიღუპნენ სამშობლოსთვის, თავი შესწირეს, თავი დასდეს სამშობლოსთვის. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე. ვფიქრობთ იმაზე, რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება, განვითარება. ამისთვის საკმარისი არ არის, მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, გვქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს მოპოვებული ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება, როგორც შინაგანი თვისება. ეს თვისება თუ არ გვექნება, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება საკმარისი არ არის. უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის.

 

ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, რაც გინდა, არამედ ეს არის, შეგეძლოს მართო შენი თავი, აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა. ჩვენში ამის გაგება თუ არ იქნება, მხოლოდ გარეგნული თავისუფლება საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, შეიძლება, სახიფათო და დამანგრეველი გახდეს ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ძვირფასო დებო და ძმები, ჩვენ თუ გვსურს, შევინარჩუნოთ, განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ, შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, რა არის ის მანკიერებები, ცოდვები, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, რათა მოგვეცეს წყალობა ღვთისა, ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას, ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები, ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ, ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ