თბილისში Trump Tower-ი აშენდება 19.04.2026 10:04

 

თბილისში Trump Tower-ი აშენდება.

დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.

მულტიფუნქციური დანიშნულების ცენტრი, გააერთიანებს მაღალი კლასის სავაჭრო რეზიდენციებს, ობიექტებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს.

პროექტი, რომელიც "Archi", "Biograpi Living" და "Sapir Organization"-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

ცათამბჯენი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს თბილისის, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების, კულტურისა და მაღალი კლასის ცხოვრების ცენტრის განვითარებაში - ევროპისა და აზიას შორის.

"Trump-ის სახელი ასოცირდება მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ უძრავ ქონებასთან და თბილისის პროექტი ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში შემოგვაქვს ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი", - განაცხადა დონალდ ტრამპის ვაჟმა ერიკ ტრამპმა, რომელიც The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია.

პროექტი  The Wall Street Journal-მა მიმოიხილა, როგორც ჟურნალი წერს, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში კომპანიას საზღვარგარეთის პროექტებთან დაკავშირებით ახალი მიდგომები აქვს:

"ტრამპის ორგანიზაცია" (The Trump Organization) და მისი პარტნიორები გეგმავენ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას. პროექტის პარტნიორი მხარის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იქნება დაახლოებით 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.

ცათამბჯენი მოიცავს მდიდრულ რეზიდენციებს, სავაჭრო ობიექტებსა და სასტუმროს ტიპის კეთილმოწყობას. პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს, ხოლო მას ზურგს უმაგრებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ი და Biograpi Living-ი.

წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე ჩართულია ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapir Organization-ი, რომელიც ტრამპის ძველი პარტნიორია.

დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან მოყოლებული "ტრამპის ორგანიზაცია" სულ უფრო მეტად ეყრდნობა საერთაშორისო ლიცენზირებასა და ბრენდინგთან დაკავშირებულ გარიგებებს, რაც მისი ბიზნესის ძირითად ნაწილად იქცა.

დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი აღნიშნავს, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის "გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს" საქართველოშიც დაამკვიდრებს.

2012 წელს "ტრამპის ორგანიზაციამ" გამოაცხადა გეგმები უძრავი ქონების პროექტის შესახებ საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში. თუმცა, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, ისევე, როგორც სხვა მრავალ უცხოურ გარიგებაზე, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შთაბეჭდილება.

სტატიის თანახმად, თავად საქართველოს გეოპოლიტიკურად სენსიტიური პოზიცია უკავია - იგი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთთან ურთიერთობებსა და რუსეთთან არსებულ დაძაბულობას შორის. ბოლო წლებში ქვეყანა ასევე ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადებისა და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით.

Archi Group-ი, ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს. Biograpi Living-ს ზურგს კი მსხვილი ქართული კონგლომერატი უმაგრებს, რომლის ინტერესებიც ენერგეტიკას, საცალო ვაჭრობასა და უძრავ ქონებას მოიცავს.

Sapir Organization-ს განხორციელებული აქვს მაღალი დონის პროექტები მანჰეტენსა და მაიამიში და ტრამპის ოჯახთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს საპირმა პროექტი პერსონალურ ჭრილში დაახასიათა. მან პრესრელიზში ხაზი გაუსვა თავისი ოჯახის ქართულ ფესვებს და აღნიშნა, რომ ეს დეველოპერული პროექტი არის გზა, რათა "მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს" ქვეყნის მომავალში." - ვკითხულობთ სტატიაში.

"ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს საინვესტიციო რუკაზე", - აცხადებს ლაშა მელაძე, Finvest Georgia-ს თანადამფუძნებელი.

გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს BLOX Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა კვაჭაძეც:  "The Trump Organization-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია. ეს პროექტი ასახავს მყარ საერთაშორისო ნდობას და ქმნის გრძელვადიან ღირებულებას ბაზრისთვის,".

დეტალები არქიტექტურის, დიზაინისა და გაყიდვების შესახებ უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ