მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის 19.04.2026 21:15

 

ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

მისივე თქმით, პატრიარქი  დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა.

„მისგან გამოსული ყოველთვის სიხარულს ვგრძნობდი, მქონდა განცდა, რომ მხოლოდ ეკლესიის პატრიარქს კი არ შევხვდი, არამედ ძმას. ერთი გულის შემძვრელი სცენა მახსენდება, როცა ვთქვი, რომ ეკლესიაში ვართ იმისთვის, რომ განვიკურნოთ და როცა ადამიანი იკურნება, მაშინ ხვდება ღმერთს მეთქი. შემობრუნდა მითხრა, მე დიდი ცოდვილი ვარ და ეს თქვა ძალიან დიდი თავმდაბლობით. ეს აჩვენებს ამ ადამიანის შინაგან ზნეობას და მის გულისმიერ ცხოვრებას.

მოვიდა ერთი ბერძენი ქალბატონი და წანდილი მოიტანა, რომ საქართველოს პატრიარქისთვის პანაშვიდი გადაგვეხადა. ვეკითხები იცნობდით მეთქი? არა, მაგრამ რაც მოვისმინე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაო, მოიტანა თეფშით წანდილი და პანაშვიდიც გადავიხადეთ. ეს ნიშანდობლივი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავრცელდა პატრიარქის სახელი, როგორც ქართველი ერის მამისა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა.

მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოზეც.

„მახსოვს ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ ეკლესიამ უნდა შეინარჩუნოს წმინდა მამათა პრინციპები და პასუხობდეს თანამედროვე ადამიანების გამოწვევებს. მიტროპოლიტმა შიომ მკითხა, თუ რას ვფიქრობ მამა გიორგი ფლოროვსკის ნათქვამზე, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა ძველ მამებთან დაბრუნება, მაგრამ აუცილებლად ახალ მამებსაც უნდა ვიცნობდეთ. მივხვდი, რომ ის განათლებული ადამიანი იყო და ბევრ თანამედროვე მოღვაწესაც იცნობდა და მამათა ტრადიციასაც, რომელიც ჩვენს რეალობაში უნდა გადმოვიტანოთ და მასზე დაყრდნობით ვუპასუხოთ ჩვენი ეპოქის ადამიანების კითხვებს. ძალიან მიხარია, როცა მიტროპოლიტებს აქვთ უნარი იმისა, რომ ხალხის გულს ესაუბრონ", - დასძინა მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ