იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება 22.04.2026 18:18

 

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის, სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.

ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც შესაძლოა, პროგრამაში ჩაერთონ და ბენეფიციარებს ყველა სერვისი შესთავაზონ.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და პაციენტების ჯანმრთელობისთვის, მათ ეფექტურობა განიხილეს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უწყებისთვის, მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის უფლების დაცვა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია, სიახლის ამოქმედებით კი, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით. ასევე - კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით - ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე).

"მომსახურებებს სახელმწიფო დააფინანსებს და პაციენტებისთვის სერვისები სრულად უფასო იქნება.

პარალელურად, გრძელდება მუშაობა, რომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში, ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები ზრდასრულმა ბენეფიციარებმაც მიიღონ", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ