მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება 28.04.2026 11:53

ისტორიული დღეა, დიდი მოლოდინია, ხალხის დიდი ინტერესია, რაც გასაკვირიც არ არის. როგორც იცით, არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატებს, ვისაც ვაძლევთ ხმას, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.

მისი თქმით, ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი და შემდგომ გაფართოებულ კრებაზე იქნება არჩეული ახალი პატრიარქი.

„არაერთი გადაცემა შედგა ამ თემებთან დაკავშირებით, მღვდელმთავრები პასუხობდნენ შეკითხვებს და ამაზე მეტს ვერ გეტყვით. მოლოდინია, მაგრამ პასუხებს გავცემთ კრების შემდგომ, როდესაც კრება დასრულდება", - განაცხადა მეუფე საბამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სინოდის გაფართოებული კრება, რომელზეც მოხდება პატრიარქის არჩევა.

„თარიღიც, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება და შესაძლებელია, ინტრონიზაციის თარიღიც უკვე დღეს გადაწყდეს", - აღნიშნა მეუფე საბამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კანდიდატებს შორის მეუფე დანიელი, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი იყოს დასახელებული, მეუფე საბა ამბობს, რომ ამ კითხვაზე მღვდელმთავრებმა პასუხი უკვე გასცეს.

„ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. სინოდზე იქნება ამაზე მსჯელობა. იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც იცით. დასახელდება ყველა, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმს. ყველა არის კანდიდატი, შესაძლებელია, დღეს მათ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა. მეუფე დანიელს უსრულდება 71 წელი. უკვე არის ის 70 წლის. წინა სინოდზე იყო ამაზე საუბარი და საბოლოოდ დღეს გაეცემა პასუხი. მე, პირადად, ჩემს დამოკიდებულებას გეტყვით, თუმცა მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება არ არის საკმარისი. სინოდის წევრები უნდა შეჯერდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მას აქვს უფლება, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა", - განაცხადა მეუფე საბამ.

მისი თქმით, პროცესზე გარე ძალების გავლენა ან ზეწოლა არ უგრძნია.

„სხვების მაგივრად მე პასუხს ვერ გაგცემთ. ინტერესი არის, რადგან ვირჩევთ მომავალ პატრიარქს, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა უხელმძღვანელოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდა სინოდთან ერთად და ინტერესი არის", - განაცხადა მეუფე საბამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ